პარტნიორები

SIPU International-ი

SIPU International-ი  არის შვედური საკონსულტაციო-სასწავლო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც მოიცავს გარდამავალ და განვითარებად ქვეყნებში პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწისა და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას. საჯარო სამსახურის განვითარების სფეროში  ეს არის სკანდინავიის ქვეყნების ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო დაწესებულება. SIPU International-ი  შეიქმნა 1979 წელს, როგორც სახელმწიფო სამსახური – საჯარო ადმინისტრაციის შვედური ინსტიტუტი, რომელიც კონსულტაციებს უწევდა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობდა შვედეთის საჯარო სექტორს. 1992 წელს მოხდა ინსტიტუტის პრივატიზება და ორგანიზაცია გახდა ინსტიტუტის ხელმძღვანელების კერძო საკუთრება. 2007 წლიდან SIPU International-ი  წარმოადგენს FCG Group-ის (ფინეთი) ნაწილს.
SIPU International-ი  ამჟამად მსოფლიოს 20 ქვეყანაში საქმიანობს, ხოლო 60-ზე მეტ ქვეყანას უწევდა საკონსულტაციო სამსახურს. 2008 წელს მისმა წლიურმა ბრუნვამ 20 მილიონ ევროს მიაღწია. SIPU-ს სათავე ოფისსა და საზღვარგარეთ მიმდინარე პროექტებში 50-მდე (მუდმივი შტატი) თანამშრომელია დასაქმებული. გარდა ამისა, ინსტიტუტს ყოველწლიურად ხელშეკრულებით აჰყავს კონსულტანტები და ექსპერტები. დღეისათვის SIPU-ს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისა და კონსულტანტების სია, რომლებიც საჯარო მენეჯმენტის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, 15 000-ს აჭარბებს.
SIPU-ს მთავარი მიღწევაა მჭიდრო თანამშრომლობა შვედეთის საჯარო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე. SIPU ხშირად მონაწილეობს საჯარო უწყებებთან ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებში და ამ გზით მუდმივად იმდიდრებს თანამედროვე გამოცდილების შესახებ ცოდნას, რაც, თავის მხრივ, აქტუალობას ჰმატებს მის საქმიანობას. SIPU-ს ასევე მჭიდრო პროფესიული კავშირი აქვს წამყვან შვედურ უნივერსიტეტებთან, რაც მას ეხმარება, რომ  საქმიანობისას შეინარჩუნოს მაღალი აკადემიური დონე. ამასთან, SIPU-ს ყოველთვის მიუწვდება ხელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და საჯარო ორგანიზაციების გამოცდილებაზე.
SIPU-ს აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე კერძო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტების წარმატებით განხორციელების დიდი გამოცდილება. მისი მომსახურებით უშუალო სარგებლობენ სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებები, პარლამენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მისი პროექტების დონორები არიან: Sida, მსოფლიო ბანკი, ევროკომისია და ა.შ.

www.sipuinternational.se

ესტონეთის დიპლომატიური სკოლა (ESD)

ესტონეთის დიპლომატიური სკოლა (ESD) შეიქმნა 1990 წელს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მომავალი პროფესიული კადრების მოსამზადებლად. დღეს ესტონეთის დიპლომატიურ სკოლას ჰყავს 405 კურსდამთავრებული, რომლებიც სხვადასხვა სფეროებში საქმიანობენ, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრები და ათამდე ყოფილი ან მოქმედი ელჩი, ასევე კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებული წარმატებული ადამიანები.
ესტონეთის დიპლომატიური სკოლა ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ესტონეთში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის შესწავლის საკითხების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. ამისათვის სკოლაში მიმდინარეობს შემდეგი სახის საქმიანობა:
•    სამეცნიერო კვლევა და განვითარება
•    მაღალი დონის სასწავლო კურსები
•    პროექტების მართვა
•    კონსულტაციების გაწევა
•    პუბლიკაციების გამოცემა
2002 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სკოლის ახალი ხუთწევრიანი საბჭო.  ESD და მისი თანამშრომლები არიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და პედაგოგიური სწავლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სასწავლო ორგანიზაციის წევრები, ეს ორგანიზაციებია: პოლიტიკური კვლევის ევროპული კონსორციუმი (ECPR), საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული კვლევების ევროპული საინფორმაციო ქსელი (EINIRAS), საერთაშორისო ურთიერთობების ქსელი (IAN), დიპლომატიური ტრენინგის საერთაშორისო ფორუმი ((IFDT), საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაცია (ISA)  და თანამედროვე ევროპულ საკითხთა შესწავლის საუნივერსიტეტო ასოციაცია (UACES) .

www.edk.edu.ee

© 2018 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.